logo
ENG



ხმალაძე: დაკავებისას პოლიციამ დაბადების ადგილად ხულო რომ წაიკითხა, მითხრა - "აქ რა გინდაო"

09 მარ 202321:31
3 წუთის საკითხავი
 

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრ გალერეა თბილისთან აქციის მეორე დღეს დააკავეს.

ის ფორმულასთან ყვება, რომ წინა დღიდან დასდევდნენ და აკვირდებოდნენ, დაკავებისას კი პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა.

"ფაქტობრივად, დაკავება მიტინგზე არ მომხდარა, მეორე დღეს მოხდა. მე მიტინგზე 100 მეტრითაც არ მივსულვარ არც ერთ პოლიციელთან, ერთი გამოსვლა მქონდა დღისით, 9 საათზე, მერე, როცა გაზი გაუშვეს, ცუდად გავხდი, სასწრაფომ გამიყვანა. მეორე დღეს, დაახლოებით პირველ საათზე გალერეა თბილისში შევედი ყავის დასალევად, გამოვედი და დამხვდნენ ქუჩაში.

ქუჩაში გამაჩერეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ცოტა ქსენოფობიურიც. როცა მივაწოდე პირადობის მოწმობა და წაიკითხეს დაბადების ადგილი - ხულოს რაიონი, ძალიან ცუდად მითხრა - რა გინდა აქო", - ყვება ხმალაძე.

მისი თქმით, დაკავებისას არც კი განუმარტეს, რა მიზეზით აპატიმრებდნენ.

"ჩამტენეს მანქანაში", - იხსენებს ხმალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 133-ვე პირი გაათავისუფლეს.


close დახურვა